კაი ფოგესის „თამაშის დასასრული“

2017 წლის „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი“ გერმანული თეატრის -„შაუშპილ დორტმუნდი“ (Schauspiel Dortmund) წარმოდგენით – „თამაშის დასასრული“ გაიხსნა.  “საქართველო-გერმანიის საიუბილეო წლის (2017)” ფარგლებში სამეფო უბნის თეატრის სცენაზე განხორციელებული კაი ფოგესის თეატრალიზებული დადგმა საფესტივალო დღიურში სემუელ ბეკეტის ცნობილი, ერთმოქმედებიანი პიესის სახელწოდებით ჩაიწერა.

კაი ფოგესმა სახელოვნებო კარიერა ობერჰაუზენის თეატრში დაიწყო. 1999-2003 წლებში, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ობერჰაუზენის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე იყო დაკავებული. ამის შემდეგ, როგორც „თავისუფალი რეჟისორი“, გერმანიის სხვადასხვა თეატრში დგამს სპექტაკლებს. 2005 წელს ფოგესი, დრამატურგ კლაუს შმიდტთან ერთად, საფუძველს უყრის თავისუფალი გერმანული თეატრის – „ახალი სცენის“ არსებობას. 2010/2011 წლიდან კი უბრუნდება მუნიციპალურ თეატრს და კვლავ სამხატვრო ხელმძღვანელად აგრძელებს მუშაობას, ამჯერად შაუშპილ დორტმუნდის თეატრში. არის არაერთი თეატრალური პრემიისა და დამსახურების მფლობელი, რომელთა შორისაც გამოვყოფდი 2013 წელს მინიჭებულ ჯილდოს „საუკეთესო ინსცენირებისათვის“ თეატრში (NRW-Theatertreffen – დეტმოლდი, გერმანია), „საუკეთესო რეჟისორი“ (Artodocs International Filmfestival, სანკტ პეტერბურგი, რუსეთი) და მეორე პრიზი კატეგორიაში – „ექსპერიმენტული ფილმისთვის“ (Sunset Film Festival, ლოს ანჯელესი, აშშ.). ამ ჯილდოების ჩამონათვალი კაი ფოგესმა 2012 წელს შაუშპილ დორტმუნდში განხორციელებული წარმოდგენისთვის – Einige Nachrichten an das All („ზოგიერთი ამბავი მსოფლიოს“) მიიღო.

სპექტაკლის ოფიციალურ თრეილერში (იხ.:https://www.youtube.com/watch?v=nOYnllvNO-A) მოცემული პირველივე შეტყობინება/ამბავი „თეატრის სიკვდილს“ გვაუწყებს (Der Tod des Theaters). ესაა მულტიმედიურ ფორმატში აწყობილი სახელოვნებო პროდუქტი, რომელიც ფანტასტიკური არსების, ზომბისა და რეალურ პერსონაჟებზე აგებული ისტორიების მოყოლას გვპირდება. ახალგაზრდა, წარმატებული დრამატურგის ვოლფრამ ლოტცის (Wolfram Lotz) იმავე სახელწოდების პიესაზე დაყრდნობით გაკეთებულ კაი ფოგესის თეატრალიზებულ ვიდეო-სპექტაკლში დოკუმენტური კინოსა და სატელევიზიო რეპორატეჟბის ჩანართებს (სავარაუდოდ კოსმოსიდან), „ტელე-ამბების“ სახით, წამყვანი ადგილი უკავიათ.

ვოლფრამ ლოტცის იმავე სახელწოდების პიესაში კი ვგებულობთ, რომ მთავარი პერსონაჟები – ლუმი და პურლი მეგობრები არიან, რომელთაც საერთო შვილის ყოლა ოცნებად აქვთ ქცეული. აბსურდის ჟანრში გადაწყვეტილ ამ თეატრალურ ტექსტს გერმანელმა რეჟისორმა, რა თქმა უნდა, საერთო ბეკეტთან გამოუნახა და მთავარი პერსონაჟები – ლუმი და პურლი – „უკვდავყო“. ამდენად, მოხდა ისე, რომ ჩვენთვის ნაცნობი ბეკეტისეული ჰამისა და კლოვის სცენური სახეები ფოგესის „თამაშის დადასრულში“ ახალგაზრდა დრამატურგის ლოტცისეულ – ლუმსა და პურლის – სულიერ სამყაროში ტრანსფორმირდნენ. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ რეჟისორმა, მანამდე გაკეთებული სპექტაკლის (იხ.: Einige Nachrichten an das All) – ერთგვარი გაგრძელება მოისურვა და იქ დაწყებული ისტორიის, თუ გნებავთ – თამაშის – დასასრული შემოგვთავაზა. კაი ფოგესი თითქოს შეგნებულად ციტირებს საკუთარ თავსაც – წინა სპექტაკლში გამოყენებულ განუყრელ პერსონაჟებს – ლუმსა და პერლს – სცენური კოსტიუმების ჩათვლით, უცვლელად სვავს  ამჯერად ცარცით მოხატულ, შავ, პატარა „ბეკეტისეულ“ ყუთში (ასოციაციურად შესაძლოა – ეს იყოს ძველი ტელევიზორის ბუტაფორია, ან სულაც ბუნკერი). მთელი 80 წუთის განმავლობაში, შავ-თეთრ ფერებში, გრაფიკული ნახატებით გადაწყვეტილ უჰაერო სივრცეში მომწყვდეული პერსონაჟები – „მონა“ და „მსახური“ – ისეთივე გაუგებრობაში არიან მოყოლილები, როგორშიც ჩვენ – მაყურებლები სპექტაკლის ყურებისას.

სპექტაკლში მოთხრობილი ამბავიც დიდი გაუგებრობით იწყება. იწყება ადამიანური ურთიერთობის იმ ეტაპიდან, როდესაც ცხოვრების განმავლობაში დაგროვილ კითხვებზე პასუხების გაცემის  დრო (აუცილებლობა) დგება. სპექტაკლში გამოყენებული ხმოვანი რიგის ფონზე, მსახიობების მხრიდან წარმოთქმულ ერთსა და იმავე ფრაზებზე განუწყვეტელი აპელირება, წარმოდგენის მსვლელობისას, განსაკუთრებულ დატვირთვას ღებულობს. ბეკეტის „თამაშის დასასრულიდან“ ამოკრეფილი წინადადებების ლოგიკური ბმა კი პიესის ძირითად ფაბულასთან გვაბრუნებს, ოღონდ რეჟისორის მხრიდან შემოთავაზებული, აბსოლუტურად სხვა, შეიძლება ითქვას უფრო თამამი, მაგრამ ერთმნიშვნელოვან რაკურსში გადაწყვეტილი ხედიდან.

მსახიობები ფრანკ გენზერი  (Frank Genser) და უვე შმიდერი (Uwe Schmieder) სპექტაკლში ორი სასოწარკვეთილი, ერთმანეთით შეპყრობილი ადამიანების ტრაგიკულ მდგომარეობაზე  გროტესკულ-კომედიური ჟანრის მეშვეობით ყვებიან და მათი არაჩვეულებრივი თამაშის წყალობით, მოწყენის საშუალებას არ აძლევენ დარბაზში მყოფთ. აქ გამოყენებული დეკორაცია, განათება და ხმოვანი რიგი რეჟისორის მითითებების შესრულებაში მსახიობებს კიდევ უფრო ეხმარებათ, ხოლო სცენაზე გამეფებული ერთფეროვანი აურის ატანას – მსუბუქს ხდის.

კაი ფოგესი სემუელ ბეკეტის ტექსტის ადაპტაციას გამიზნულად მიმართავს. თვალშისაცემია აგრეთვე სპექტაკლში გამოყენებული გამომსახველობითი საშუალებების (განათება, ხმოვანება, დეკორაცია თუ მსახიობების თამაშის მანერა) რიტმულად გადანაწილებული აქცენტების დროული დასმა, რაც რეჟისორის მხრიდან თანამედროვე, გერმანული ინტელექტუალური თეატრის სახეობაზე უნდა მიგვანიშნებდეს. ე.წ. ახალი თეატრის „კეთების“ ინტერესსზე უნდა მეტყველებდეს აგრეთვე, ფოგესის გადაწყვეტილებაც – ცადოს, იპოვოს საკუთარი გამომსახველობითი ენა, რაც მანამდე წაკითხული/მოსმენილი ერთი ფურცლის/ამბის სხვადასხვა რაკურსით წარმოჩენის სურვილში ვლინდება („Ich will nicht eine Seite erzählensondern alle parallel” – Kay Voges, in: Kino? Theater? Kinater!”- https://www.freitag.de/autoren/martin-eich/kino-theater-kinater). და მართლაც, ამ ერთ წარმოდგენაში გაერთიანებული ორი  განსხვავებული მასშტაბისა და სხვადასხვა თაობის ავტორთა ტექსტებში პარალელების ძიება, მოცემულ სიტუაციასა და გარემოებაში მოყოლილი პერსონაჟების ისტორიებს შორის კავშირების პოვნა და შემდეგ, ამ პერსონაჟების სცენური სახეების ერთმანეთში აღრევა – შეიქმნა კიდეც ჩემთვის, თითქოსდა წინასწარ დაგეგმილი, ინტელექტუალური „გაუგებრობის“ მთავარი „მიზეზი“. ესაა ერთგვარი პროვოკაციაც, და იმთავითვე გამოსავალიც, რომელსაც, საბოლოო ჯამში, მაინც სემუელ ბეკეტის „თამაშის დასასრულის“ ძირითად ფაბულასთან – მის ამოსავალ წერტილთან მივყავართ. მივყავართ ერთფეროვნებაში ჩაკარგულ მრავალფეროვნებასთან და გამოუვალ ერთიდაიმავეობასთან – იმ მთავარ „გაუგებრობასთან“, რომელსაც ჩვენ, „ცხოვრებისეულ რიტმს“, ან, თუნდაც – ადამიანურ ყოფაში ჩაკარგულ „ამაოებას“ ვეძახით…

და მაინც… სპექტაკლში მოთხრობილი ამბავი ორი ადამიანის სულიერი მდგომერაოების (სიყვარულის) და რაციონალური არჩევანის – გული ტვინში  (ბეკეტი) – ტრაგიკულ შედეგზე მოგვითხრობს. კაი ფოგესი ორ ადამიანს შორის არსებულ ისეთ გრძნობაზე გვიყვება, თითოეული ჩვენგანი საკუთარ გადაწყვეტილებაში თავადვე რომ იხლართება… იხლართება და კვდება კიდეც, ცოცხლად, რადგან არსებობის მთავარი მამოძრავებელი კატეგორია – დრო – აქ, სამუდამოდ გაჩერებულია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s