„ფრანგები“ – დაკარგული დროის ძიებაში

„მნიშვნელობა არ აქვს, პრინცი ხარ თუ მათხოვარი, – ვერავინ გაგათავისუფლებს სურვილის, ტანჯვის, სიყვარულისა და სიძულვილის აუცილებლობისგან. ნებისმიერი ცივილიზაციის, ან ომის შემთხვევაში, ნებისმიერი ტექნიკური საშუალებების პირობებში, ყოველთვის არსებობს წერტილი, რომელშიც ადამიანები ერთმანეთს შეებმებიან.“

მერაბ მამარდაშვილი, „ცნობიერების ტოპოლიგია“

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონის შენობა, პირადად ჩემთვის ლიტერატურულ სამყაროსთან, კერძოდ კი, უკვე ტრადიაცად ქცეულ,  წიგნების ყოველწლიურ ბაზრობებთან ასოცირდება. ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო, რომ ჩემმა გონებამ მარსელ პრუსტის სახელი უკვე თავიდანვე, ორგანულად „მოარგო“ ამ სივრცეს და ვარშავის „ნოვი თეატრის“ ორგანიზატორთა მხრიდანაც ამ ადგილზე შეჩერების მომენტს უმალ „შთამბეჭდავი“ უწოდა. სიტყვა „შთამბეჭდავი“ გონებაში კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით ტივტივებდა 6 ოქტომრის საღამოს, როდესაც კშიშტოფ ვარლიკოვსკის წარმოდგენიდან შინდაბრუნებულს, ემოციებს აყოლილმა ჩემმა სხეულმა კიდევ კარგა ხნის განმავლობაში არ მომცა მოსვენება.

„დაკარგული დროის ძიებაზე“ „ფორიაქი“, თანამედროვე პოლონური თეატრის წარმომადგენელს, რა თქმა უნდა, ჩემზე გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში „აწუხებდა“. ვარშავის „ნოვი თეატრის“ დამმარსებელსა და სამხატვრო ხელმძღვანელს პრუსტის დადგმაზე ფიქრი ჯერ კიდევ ათეული წლების წინ დუწყია და 2002 წელს, ბონის „შაუშპილ“ თეატრში სწორედ ამავე სახელწოდებით განუხორციელებია. ფატქობრივი მონაცემები ასევე გვაფიქრებინებს, რომ რეჟისორი ვერ დაკმაყოფილდა ადრეული ექსპერიმენტით. ჩანს, პრუსტის ტექსტებით მთელი მომდევნო წლები იყო შეპყრობილი, უტრიალებდა და ეძებდა რა იმ გამომსახველობით ხერხებს და შესაძლოა იმ მსახიობებსაც, რომლებიც მის მოუსვენარ იდეებს საბოლოოდ შეასხამდნენ ფრთებს. ამდენად, პრუსტის რომანის ხელახალი გაცოცხლება, ვარლიკოვსკიმ მხოლოდ 2015 წელს შეძლო, რადგანაც „დაკარგული დროის ძიების“ მიხედვით დადგმული „ფრანგების“ პრემიერის საყოველთაო წარმატება სწორედ ამ დროიდან გაცხადდა თეატრალურ სამყაროში. არა ერთი ფესტივალის შემდეგ პოლონელი „ფრანგები“ საქართველოსაც ესტუმრნენ და ჩემთვის, თამამად შეიძლება ითქვას, წლევანდელი თბილისის თეატრალური ფესტივალის ყველაზე საპატიო სტუმრების

„ექსპო ჯორჯიას“ უზარმაზარი სივრცის მარცხენა ნაწილი წარმოდგენისთვის სპეციალურად მოწყობილ თეატრალურ დარბაზად გადაკეთდა. შესვლისთანავე შეუძლებელი იყო ყურადღების მიღმა დაგრჩენოდათ ცისფერ ტონებში განათებული მოდერნული „შუშის შენობის“ ერთადერთი უცვლელი ფასადი, ბორბლებზე შემდგარი მინის უზარმაზარი, მოძრავი კონტეინერი და სარკეებიანი ბარი, რომელიც სპექტაკლში ჩართული ეპიზოდების ცვლის შესაბამისად, სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდა. სივრცის მარცხენა კედელი, რომელსაც, უმეტესწილად, საძინებელი ოთახის დატვირთვა ჰქონდა მინიჭებული, სარკეების საშუალებით, ასევე ირეკლავდა სათამაშო არენაზე მიმიდანარე მოვლენებს და თითქოს, ერთ მთლიანობად კრავდა რეჟისორის მიერ შემოთავაზებულ თეატრალურ სამყაროს…

სპექტაკლის მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ოთხი საათის განმავლობაში მოახერხა და თვალწინ გადაგვიშალა ისეთი კოსმიური გარემო, სადაც განათებისა და დამონტაჟებულ ეკრანზე გასული 3D პროექციების საშუალებით, რთული გახდა მსახიობების მიერ შემოთავაზებულ რეალურსა და წარმოსახვით სამყაროს შორის ზღვარის გავლება… მათ თავი ამოგვაყოფინეს ისეთ უკიდეგანო, მაგრამ მაინც პირობითად შემოსაზღვრულ სივრცეში, სადაც სპექტაკლში წარმოდგენილი სურათების შემყურე თავად სიკვდილის მაძიებლებს, განუწყვეტლივ ჩაგვესმოდა საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი კოსმოსის, მარადიული სიცოცხლის „ხმა“. იმ სამყაროსი, რომელიც, პრუსტის მსგავსად, მართლაც რომ „ტელესკოპური“ მასშტაბით დაგვიხატა სპექტაკლზე მომუშავე თითოეულმა პირმა, რომელთა სიის ჩამონათვალიც, საფესტივალო პროგრამაში საკმაოდ გრძელია.

სიცოცხლის დაუოკებელი წყურვილი ჩქეფდა მსახიობთა არაჩვეულებრივ თამაშშიც, რომელთაც არც ერთი წამით არ დაუგდიათ სპექტაკლის რიტმი. აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო დადგმის მუსიკალური და ქორეოგრაფიული გაფორმება, რომლებმაც, ყველა დანარჩენ გამომსახველობით საშუალებასთან ერთად, დიდი როლი ითამაშეს სწორედ სპექტაკლის ამ არაჩვეულებრივი რიტმის შენარჩუნებაში. განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა „ბარის კედელზე“ გაშვებულ ვიდეო ჩანართებსაც, რომელთა შორისაც გამორჩეულად დამამახსოვრდა ბუნებასთან სიახლოვის წყურვილი და ადამიანური საწყისის ყველაზე იფნანტილური მდგომარეობა: სიყვარული. ამდენად, მერაბ მამარდაშვილის სიტყვები, რომ: „პრუსტთან უმთავრესი შეგრძნება, რომელიც უნდა მოიხელთო და საკუთარ თავსა და ტექსტზე გადაიტანო, – ბგერაში, მუსიკაში, ყვავილში, ადამიანის საქციელში ან ადამიანის სახეში იმის დანახვაა, რომ სხვა ცხოვრებით ცხოვრება შესაძლებელია. ანუ – იმის შესაძლებლობა, რომ ცოცხალი ხარ.“ – ვარლიკოვსკიმ მთელი თავისი შემოქმედებითი ჯგუფის დახმარებით, ნამდვილად მოახერხა.

სწორედ „სხვა ცხოვრებით იცხოვრეს“ იმ საღამოს „ექპო ჯორჯიას“ პავილიონის სცენაზე „ნოვი თეატრის“ თითოეულმა მსახიობმაც, რომელთა თამაშის დეტალური განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს. აღვინშნავ მხოლოდ იმას, რომ სამსახიობო მონაცემების თითქოსდა ყველაზე უმნიშვნელო დეტალების ფლობაშიც კი, როგორებიცაა – პლასიტკა და გარდასახვა – ისეთი პროფესიონალები აღმოჩნდენ, რომ რომელიმე მათგანის გამოყოფა გამიჭირდება. თუმცა, პირადად ჩემზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება მაინც ე.წ. ნიღბიანი მსახურის პლასტიკამ დატოვა. სპექტაკლის ხანგრძლივობიდან და მისი დრამატურგიული სპეციფიკიდან გამომდინარე, ასევე გამიჭირდება და ძალიანაც რომ მოვინდომო, ვერაფრით მოვახერხებ – სპექტაკლის თითოეული ეპიზოდის აღწერასაც. სამწუხაროდ, ვერც პერსონაჟთა სცენურ ხასიათებზე მსჯელობას დაგპირდებით, რადგან, შეუძლებელია ამ სპექტაკლის მხოლოდ ერთი ნახვის შემდეგ მოახერხო და დარჩე თანმიმდევრული, თან ლოგიკურად ახსნა კშიშტოფ ვარლიკოვსკის სარეჟისორო ექსპლიკაციის რთულგანტოლებიანი ამოცანის კანონები. „ფრანგები“ – ეს ისეთი თეატარალური პროდუქტია, რომელსაც დროდადრო უნდა მიუბრუნდე, ნახო და თითოეულ ჯერზე თავიდან აღმოაჩინო მანამდე შეუმჩნეველი დეტალები. დეტალები, რომლებიც სხვა შემთხვევაში გამოგრჩა. გამოგრჩა არა შენი უყურადღებობის, ან დაუდევრობის გამო, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ, შენც პრუსტის იმ გმირივით დაგემართა, სპექტაკლის ყურებისას მსახიობ ქალზე რომ დაებინდა გონება და ემოციებს აყოლილი საკუთარი აღქმის მხოლოდ ზედაპირულ შრეზე  „გაიჭედა“.

სამაგიეროდ თავისუფლად შეიძლება ისაუბრო მარსელ პრუსტის რომანის პეტრე გრუშინსკისეულ სასცენო-დრამატურგიულ ადაპტაციასა და პოლონელი რეჟისორის ერთობლივ, ფილოსოფიურ კონცეფციაზე. სპექტაკლში ჩადებულ იმ მესიჯებზე, რომელიც პირადად ჩემთვის ძალიან ახლო აღმოჩნდა მერაბ მამარდაშვილის – „ცნობიერების ტოპოლოგიასთან“. სალექციო ჩანაწერების ეს ციკლი სწორედაც რომ მარსელ პრუსტის „დაკარგული დროის ძიების“ ფილოსოფიურ განხილვას ეძღვნება. ნამდვილად არ ვიცი, იცნობს თუ არა თავად ფილოსოფიით დაინტერესებული ვარლიკოვსკი მერაბ მამარდაშვილის ამ ვრცელ მოხსენებას, მაგრამ საკმარისია – თვალი გაადევნოთ ქართველი მოაზროვნის „ხმამაღლა ნაფიქრალს“, და დარწმუნდებით – ორივე მათგანს პრსუტისეული სამყაროს ფილოსოფიურ ხედვაში – ნამდვილად საერთო აქვს.

კშიშტოფ ვარლიკოვსკის „ფრანგების“ სიუჟეტი, პრუსტის რომანის მსგავსად, ადამიანის მეხსიერებას, ანუ მთხრობელის მოგონებებს ეფუძნება. მეხსიერებასთან კავშირშია აგრეთვე, დარბაზში მყოფ მაყურებელთა აღქმის ვიზუალურ ასპექტებზე გათვლილი დადგმის სტრუქტურა. აქ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მაყურებელმა სცენური პერსონაჟების კვალდაკვალ – განუწყვეტილივ „იმუშაოს“ – „გაიხსენოს“ თვალწინ განვითარებული მოვლენები, – „საგნები“, რათა კიდევ ერთხელ აღმოაჩინოს და იპოვოს საკუთარი „მე“, სუბიექტური აღქმის „ნულოვანი, მაგრამ ინტენსიური წერტილები“ (მ. მამარდაშვილი). აი რას ამბობს მამარდაშვილი „ცნობიერების ტოპოლოგიაში“: „მეხსიერების პრობლემა მდგომარეობის არა იმაში, რომ გაიხსენო რაღაც საგნები, არამედ იმაში, რომ შექმნა რაიმე, რათა გაიხსენო.  არა გახსოვდეს, რათა შექმნა, არამედ შექმნა, რათა გახსოვდეს, ააშენო, მათ შორის ის „მე“, რომელიც განსხვავდება მწერლის „მე“-სგან, როგორც ფსიქოლოგიური პერსონაჟისგან: ის „მე“, რომელიც იგება რომანის სივრცეში, მისი წერის დროს. სწორედ მაშინ, მისი გადაჯაჭვულობით რომანი შეაღებს სივრცეს, რომელშიაც აინთება, გამოჩნდება მოგონებები. შექმნა – რათა გაიხსენო და იმუშაო.“ ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ვარლიკოვსკის მიერ საკუთარი თავისა და მთელი მსოფლიოს წინაშე დასმული ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც რეჟისორმა, სხვა დანარჩენთან ერთად – შემოქმედებითად ნამდვილად გადაჭრა.

საინტერესოა, რომ თეატრის კრიტიკოსები ამ სპექტაკლს ევროპულ ენციკლოპედიას ეძახიან. თუმცა, „ფრანგებში“ დასმული პრობლემატიკა ბევრად ცდება ევროპის კონტინენტის ფარგლებს და თითქმის ყველა დღემდე არსებულ დამარხულ თუ მიმდინარე მსოფლიო ცივილიზაციას ესადაგება. ვარლიკოვსი მთელი ევროპული მითოლოგემების სიღრმეებში ჩადის და ორგანულად სვავს პრუსტის სააზროვნო ჭრილში. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აგრეთვე სპექტაკლის მესამე ნაწილში ჩართული მანიფესტიც „Ultimatum des Alvaro de Campos“ (1917), რომელიც პორტუგალიელ მწერალს ფერნარდო პესოას (Fernardo Pessoa, 1988-1935) ეკუთვნის. ეს სულისშემძვრელი ამოძახილი მთელი კაცობრიობის, მთელი მსოფლიო ისტორიის საბედისწრო განაჩენი და, იმავდროულად, „უცნობი სამშობლოს ჯაშუშის“ (მ. მამარდაშვილი) საჯარო აღსარებაცაა.

დასასრულს, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ქშისტოფ ვარლიკოვსკისა და მარსელ პრუსტის ღრმად ინტელექტუალურ-ფილოსოფიურ თანხვედრაზე, რამდენიც არ უნდა ვწეროთ თანამედროვე, პოლონური თეატრალური დასის მიღწევების, მათი წარმატების შესახებ მსოფლიო საფესტივალო მარათონზე, ჩემთვის, მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იმ საღამოს სპექტაკლით აღტკინებულმა „გონებაში დავიჭირე“, არის – რეჟისორის მხრიდან მეტად რთულ და საპასუხისმგებლო რომანის სადადგმო სტრუქტურაზე შემოქმედებითად მიდგომა.

სწორედ ამ შემოქმედებითობამ განაპირობა ჩემში ის დაუვიწყარი შთაბეჭდილება, სპექტაკლის ყურებისას რომ განვიცადე და ამ წუთამდეც შეპყრობილი ვარ… განაპირობა ის მუხტი და ენერგეტიკა, რომელიც ტრიალებდა „ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში (მთელი ოთხი საათისა და ორმოცი წუთის განმავლობაში)… ის, უხილავი აურა, რაც მოდიოდა დასის თითოეული წევრის ნამუშევრიდან და, რაც მთავარია, რამაც დაბადა ისეთი თეატრალური პროდუქტი -„ჭეშმარიტ ხელოვნებას“ რომ ვუწოდებთ ხოლმე. პირადად მე, ნამდვილად ვერ ვიხსნებ, მსგავსი შეფასების სიტყვათა შეთანხმება ბოლოს რომელ სათეატრო დადგმასთან მიმართებისას გამოვიყენე… მაგრამ, უთუოდ, მხოლოდ ამ სპეტაკლის ფასად ღირდა წლევანდელი თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე დასწრება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s