ევა იერბაბუენას „წვიმა“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზში

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი – 2016“ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობისა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე, კომპანია „ევა იერბაბუენას ფლამენკოს ბალეტის“  (Ballet Flamenco Eva Yerbabuena) მიერ წარმოდგენილი პროექტით „ წვიმა“ ( Lluvia) გაიხსნა.

მკრთალად განათებული სცენის მიღმა აქა-იქ ბათქაშჩამონგრეული, ძველი აგურის კედელია აღმართული. კედელს შუაში, ასევე ძველებური ხის კარიბჭე აქვს დატანებული. ჭერიდან ჩამოსული ნისლი უკვე მთელ დარბაზს სწვდება. სცენაზე შავ-ნაცრისფერ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები შემოდიან და საწყის პოზიციას ერთიმეორეს მიყოლებით იკავებენ.  განაბულ დარბაზში ჩოჩქოლია. მკრთალად განათებული პარტერის კიბეებიდან  წითელ კაბაში შემოსილი ქალის სხეული ვნებიანად მოაპობს დარბაზს, ადის სცენაზე, თითოეულ მონაწილეს, ფლამენკოსთვის დამახასიათბელი ფეხების რიტმული ბაკუნით სათითაოდ უვლის გარშემო და დასარტყამი ინსტრუმენტის საბრძოლო რიტმის ფონზე კულისებში უჩინარდება. სწორედ ამ დროს გრძნობ პირველად, რომ შენ თვალწინ, ძალიან მალე, სცენაზე ევა იერბაბუენას მიერ ნამდვილი ცეცხლი აგიზგიზდება.

1970 წელს ფრანკფურტში დაბადებული და გრანადაში გაზრდილი  ევა მარია გარიდო  (Eva María Garrido) თანამედროვე ცეკვის ბალეტისა და უპირველესად – ფლამენკოს მეტად გამორჩეული შემსრულებელია. ამიტომაც არ იყო გასაკვირი, რომ დასის თოთოეული მონაწილე, მთელი წარმოდგენის განმავლობაში, წვიმის წვეთივით, ზედმიწევნით იმეორებდა ტრადიციული ესპანური საცეკვაო ხელოვნებიდან ამოზრდილი ევას სულისა და სხეულის რიტმულ მოძრაობებს.

თანამედროვე კლასიკური ცეკვის ელემენტებით გაჯერებული ფლამენკოს საბალეტო დასი საოცარი მომღერლებისა (განსაკუთრებით, ხოსე ვალენსია (Jose Valencia)) და ინსტრუმენტალი შემსრულებლებით (მათ შორის, თუ არ ვცდები, ერთ-ერთი გიტარისტი  და დასის მუსიკალური ხელმძღვანელი, მისი მეუღლე – პაკოა (Paco Jarana)) არის დაკომპლექტებული. თითოეული მათგანი – მუსიკალური ინსტრუმენტის, ვოკალისა თუ სხეულის მეშვეობით, – ევასეული ფლამენკოს დაუვიწყარ, იმპროვიზაციულ ვარიაციებს გვთავაზობს სცენიდან. ვფიქრობ, სწორედ ასეთ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ნიუანსებში ვლინდება ესპანელი ქორეოგრაფის გასაოცარი პროფესიონალიზმი და უნივერსალურობაც: რამდენი მოდერნული შტრიხიც არ უნდა ამოტივტივდეს წარმოდგენაში, შენ თვალწინ, მაინც ტრადიციული ფლემანკოს დაუვიწყარი სამყარო იხსნება; სწორედ ესაა ევა იერბაბუენას ბალეტი – სულიერი ტკივილითა და ხორცის ზეიმით გაზავებული წარმოდგენა – ალბათ, ყველაზე პოეტურ-მეტაფორული სახელწოდებით  – Lluvia („წვიმა“). 

„არ არსებობს იმაზე მეტი დღევანდელობა, როგორიც ფლამენკოა… ფლამენკო, როგორც ასეთი…“ – ხშირად იმეორებს ცეკვის დედოფალი ინტერვიუებში და შენც ხვდები, რომ იგი მართლაც რომ ზედმიწევნით თანამედროვე, უზადოდ გემოვნებიან შოუს დგამს. დგამს ადამიანის უნივერსალური სულისა და ხორცის ზეიმს, რომლის მიზანიც, პირველ რიგში, სწორედ შინაგანი სამყაროს კონტექსტუალიზმის განსხეულებაში ვლინდება; დგამს იმისათვის, რათა ჩაგახედოს საკუთარ არსში, მიგიყვანოს კაცობრიობის რაობის ძირითად ფესვებთან და გაგახსენოს ის მთავარი ფასეულობა, რომელიც ყოველდღიური რუტინით გათანგულებს ასე ხშირად გვავიწყდება. ეს ფასეულობა კი შენი, საკუთარი, შინაგანი თავისუფლების ხიბლია.

„სულ სხვა მოძრაობა… სულ სხვა ბგერა… სულ სხვა ცხოვრება…“ – ამ სიტყვებით ასათაურებენ ევა იერბაბუენას მუსიკალურ პროექტს საფესტივალო რვეულში „საჩუქრის“ ორგანიზატორები…  და მართლაც…  რთულია ევას „სულ სხვა“ ფლამენკოზე  წერა…

რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი თეორიული შრომა ტრადიციული ფლამენკოს წარმოშობისა და მისი ტექნიკის განვითარების შესახებ, რომელთა დამოწმებაც აქ ევას პროექტის – Lluvia – კონტექსტში შემეძლო…

რა თქმა უნდა, უსასრულოდ შეიძლებოდა ევას ქორეოგრაფიული თავისებურებების მნიშვნელობაზე წერა, თანამედროვე მსოფლიო ბალეტის ნორმებში ჩასმული თუ ამოვარდნილი ფლამენკოს საბალეტო ნომრების ელემენტების მოყვანით…

რა თქმა უნდა, შემეძლო გამეკეთებინა იმ ჯილდოების ჩამონათვალი, რომელთაც, სხვათა შორის, „მიხეილ თუმანიშვილის“ სახელობის ნომინაციაც შეემატა…

მაგრამ… რაც უფრო მეტი ინფორმაციის დამუშავებასა და განვრცობას ვისახავდი მიზნად, მით უფრო ვგრძნობდი, როგორ არასწორ გზას ვადექი, თანდათანობით როგორ ვცილდებოდი მთავარს – დამეწერა ევა იერბაბუენას ფლამენკოს ბალეტის სტუმრობასა და იმ შესრულების ხარისხზე ოპერისა და ბალეტის თეატრში, რომელმაც ასე დაატყვევა ქართველი მაყურებელი.

რა თქმა უნდა, მაინც ვერ შევძელი…

დაბოლოს, მაიკ ფიგისისა (Mike Figgis, Flamenco Women, 1998) და კარლო საურას (Carlos Saura, Flamenco, Flamenco, 2010) არაჩვეულებრივი ფილმების ნახვის შემდეგ (ორივე ფილმში ევა იერბაბუენა თამაშობს) , კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დავრწმუნდი, თუ რატომ იყო ჩემი მცდელობა – დამეწერა ევაზე – ამაო. ამაო იყო თუნდაც იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი ფლამეკოში – გრძნობაა. გრძნობა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ…

ევას ფლამენკო უნდა ნახო, მოისმინო და შეიგრძნო. სხვა დანარჩენი – თეორიაა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s