“დემონი” თბილისის ისტორიის მუზეუმში

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფს უკვე ტრადიციად ექცათ დიმიტრი კრიმოვის  საქართველოში მოწვევა, რომელმაც 2016 წლის ფესტივალზე მისულ მაყურებელს, საკუთარი “ლაბორატორიის” დასის მონაწილეებთან ერთად, სრულიად განსხვავებული “საჩუქარი” გაუკეთა .

ცნობილი რუსი ხელოვანის გრძნობებსა და დამოკიდებულებაზე ქართველი ხალხის, ქართული თეატრისა და ზოგადად, ჩვენი კულტურის მიმართ, უკვე მრავალი წელია საუბრობენ ხელოვნების მოყვარულები.  ფესტივალის საფინალო პროგრამისთვის შერჩეული კრიმოვის დადგმის თემატიკაც, ვფიქრობ, რეჟისორის მხრიდან, ამ განსაკუთრებულ სიყვარულში გამოტყდომის არა-ჩვეულებრივი გამოხატულება იყო. თუ რას ვგულისხმობ ამ განსხვავებულ და არა-ჩვეულებრივ სასიყვარულო ფორმის გამოხატულებაში, ამაზე ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ.

თავდაპირველად კი, მინდა აღვნიშნო, რომ მიხეილ ლერმონტოვის პოემა „დემონის“ მოტივებზე აგებული დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორიისა და მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების სკოლის თეატრალიზებული წარმოდგენის გაცოცხლება „ქარვასლაში“ – თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, ისტორიის მუზეუმში დაიგეგმა. წინასწარ გაყიდული ბილეთებისა და კრიმოვზე შეყვარებული მაყურებლის სიმრავლის გამო, წარმოდგენას „გენერალურ რეპეტიციაზე“ დავესწარი. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოდგენის სრულყოფილად აღქმის თვლასაზრისით, რეპეტიციაზე დასწრება, გაცილებით კომფორტული გამოდგა, რადგან საშუალება მომეცა ჩემივე შერჩეული ადგილიდან თავისუფლად მედევნებინა თვალ-ყური სარეჟისორო გადაწყევტის აუცილებელი მოცემულობისთვის: თეატრალიზებული ნახატის სივრცობრიბრივი აღქმა  დიმიტრი კრიმოვმა მაყურებელს ზედ-ხედიდან შესთავაზა.

„დემონი, ხედი მაღლიდან“ – სწორედ ასე ჰქვია „დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორიის“ მიერ 2006 წელს განხორციელებულ პროექტს, რომელმაც, სხვა საერთაშორისო ფესტივალების მსგავსად, საქართველოსაც „გადაუფრინა“ თავზე… გადაუფრინა სწორედ ისე, როგორც ამას, ალბათ, თავის დროზე ლერმონტოვის საქვეყოდ განთქმული ანგელოზი იზამდა. ფრენასთან დაკავშირებული განცდები მთავარი ასოცაციური ნაკადი იყო ლაბორატორიის წევრებისთვისაც წარმოდგენის დადგმის პროცესში. თავად რეჟისორი მიიჩნევს, რომ ლერმონონტოვის ეს ნაწარმოები არაჩვეულებრივ მიზეზს იძლევა, ცხოვრებას ზემოდან გადახედო: გონებისა თუ შინაგანი განცდების მეშვეობით გადაუფრინო წლებს, საუკუნეებს, ხელოვნების ნიმუშებს, მისწრაფებებს, ბედს და შეცდომებსაც კი.

და მართლაც, პროფესიონალი მხატვრებისა და ლაბორატორიის მსახიობი წევრებისგან დაკომპლექტებული არტისტების დახმარებით, დიმიტრი კრიმოვი დედამიწის წარმოსახვით სფეროს იატაკზე დაფენილი, უზარმაზარი პანოების მეშვეობით აცოცხლებს; აცოცხლებს ფერადი საღებავებისა და უზარმაზარი ფუნჯებით; აცოცხლებს თითოეული არტისტის სხეულის მოძრაობებით და რაც მთავარია, შთამბეჭდავი მუსიკალური ხმოვანებით, რომელიც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს წარმოდგენის მსვლელობისას. ხოლო შენ, მაყურებელი ამ საოცარ და შთამბეჭდავ სანახაობას, ზემოდან დაჰურებ… დაჰყურებ მთელი შინაგანი მონდომებულობით… პარალელურად კი, გონებაში ათასნაირი ასოციციაცია დაგტრიალებს თავს. დაკვირვებებისა და ასოციაცების თამაშის მომენტი, ვფიქრობ რეჟისორის მხრიდან შემოთავაზებული თეატრალური პროცესის, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაცაა…

დედამიწის სფერო და სამყაროს აღქმის კრიმოვისეული ინტერპრეტაციები არტისტების მიერ „ცოცხლად“ დახატული სურათ-ხატების მეშვეობით, პლანეტის დაბადებიდან – უახლოეს საუკუნეებამდე იშლება. მაყურებლის მხრიდან წარმოსახვითი ასოციაციების ნაკადს, ამ შემთხვევაში, სპექტაკლის აღქმის თვალსაზრისით, როგორც უკვე მოგახსენეთ, გასანკუთრებული დატვირთვა, მნიშვნელობა ენიჭება… თითოეული მაყურებელი სწორედ საკუთარი „გადმოსახედიდან“ ადევნებს თვალს სხვადასხვა სურათისგან აწყობილ პანოს და შესაბამისად, დასკვნასაც ამ საკუთარი „გადმოსახედიდან“ აკეთებს.

შესაძლოა, სწორედ ჩემი „გადმოსახედი“ გახდა იმის მიზეზი, რომ სპექტაკლის ყურების ერთ მომენტში მანამდე განცდილი ყველა სიამოვნება გაქრა და საშინელი უხერხულობა ვიგრძენი. იმ საღამოს, იმ ისტორიულ სივრცეში და იმ კონკრეტულ ადგილას მე არ ვყოფილვარ მარტო… და ახლაც, როცა ამას ვწერ, მახსენდება ჩემი და ჩემ გვერდით მსხდომი ორი ადამიანის ერთმანეთისკენ მომართული მზერა… სამივე მათგანმა მკრთალ შუქზეც კი ადვილად მოვახერხეთ თვალებში ჩაგუბებული გაოცების ამოკითხვა… შემდეგ – „უადგილობის“ შეგრძნება, და ბოლოს, – საშინელი შინაგანი პროტესტი ყველაფერი იმის მიმართ, რასაც იმ წუთას, ჩვენ სამნი, უამრავი კითხვის ნიშნით დახუნძლულნი, ვადევნებდით თვალყურს.

ჩაბნელებული მუზეუმის ძველ კედლებში ქართული ხალხური მრავალჟამიერი გაისმის… წარმოდგენის მონაწილეებიც მორიგი აბსტრაქტული სურათოვანი პანოს დახატვისთვის ემზადებიან… შენ ამ დროს ზიხარ გაყუსული, გაფაციცებით ელი რა სურათს შემოგთავაზებს რეჟისორი… რას ამოიკითხავ უზარმაზარ თეთრ სფეროზე, რომელიც მონაცვლეობით შემოთავაზებული სიუჟეტების მიხედვით იცვლება… იცვლება საუკუნეების, ისტორიის, მნიშვნელოვანი სოციალური თუ პოლიტიკური მოვლენების კვალდაკვალ… პირველ და მეორე მსოფლიო ომსაც გადავუფრინეთ… ლენინისა და სტალინის რეჟიმის მსხვრეპლნიც კიდევ ერთხელ შევიქმენით და სწორედ მაშინ, როდესაც შინაგანი დაძაბულობა პიკს აღწევს, არტისტებს სცენაზე ფერადი საღებავებით ავსებული ვარცლები გამოაქვთ, – იწყებენ მოხატვას… ორი მონაწილე იატაკზე წვება… მრავალჟამიერის ჰანგები ძვალსა და რბილში ატანს… სხეულში სიმშვიდე და სითბო იღვრება… მსახიობები და მხატვრები კონტურებს ხაზავენ… და სწორედ ამ დროს, თანდათან ხვდები, რომ დაბლა, სარიტუალო წეს-ჩვეულების სურათი იკითხება… კი არ იკითხება – სრულდება… მწოლიარე მსახიობების მოკაზმულობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ – ქორწილია… ფარაჯანოვის არაჩვეულებრივად ხატოვანი ესთეტიკა პირველია, რაც იმ წუთას შენ ასოციაციაში შემოდის… ქვემოთ კი თეთრი პანო სისხლისფერი წითელი საღებავისა და შავი ფერების კონტრასტული მონასმებით ფერადდება…. სუფრა იშლება… სულ მალე, შენ თვალწინ ჯერ ცხოველთა მსხვერპლშეწირვის საშინელი რიტუალი სრულდება, ხოლო შემდეგ – გაშლილ სუფრაზე – ჟინიანი ცეკვა და თამაში… მრავალჟამიერის ხმა ისტორიის მუზეუმის კედლებში მთელ კუთხე-კუნჭულს სწვდება… ძლიერდება და ბოლოს…  ალბათ სიჩუმე… ლოგიკურად ასე უნდა ყოფილიყო… რაღაცნაირად ხომ უნდა დასრულებულიყო ეს მთელი ვნებით გადმოცემული, ჩემთვის შეურაცხმყოფელი სცენა…

არ ვიცი, რაში დასჭირდა ვითომდა „საქართველოზე შეყვარებულ“ რუს რეჟისორს მთელი წარმოდგენის აბსტრაქტულ ხელწერაში ერთადერთი, დიახ – ერთადერთი სურათის კონკრეტიზაცია… დეტალურად აღწერა იმ უძველესი და ბარბაროსული გამოვლინებისა საქართველოში, რომელსაც მე პირადად დღემდე ვებრძვი და მრცხვენია თუ სადმე მოვკრავ ყურს… რეჟისორის დამოკიდებულება ამ სცენის მიმართ, მომეჩვენა, რომ სწორედ ამ სირცხვილის ტკბობაში გამოიხატა… ჩვენი ქვეყნისადმი განსხვავებულ და არა-ჩვეულებრივ სასიყვარულო ფორმის გამოხატულებაში კი სწორედ ამ კარგად ნაცნობ ტკბობას ვგულისხმობდი. იმ ვნებიან ტკბობაზე დამყნობილ ქმედებებს, უკვე მრავალი საუკუნე რომ გვახრჩობს და „სიყვარულის სახელით“ გველამუნება…

მიხეილ ლერმონტოვის „დემონის“ მოტივებზე აგებულმა დიმიტრი კრიმოვის სურათოვანმა წარმოდგენამ ჩემთვის (და არა მხოლოდ ჩემთვის), საბოლოოდ, თავად შეკრა, ისტორიის განმავლობაში დაგროვილი „კითხვების“ მთელი ჯაჭვი, რომლის ახსნასაც, აღარც წლები და, მით უმეტეს, საუკუნეები – აღარ სჭირდება…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s