ოსკარას კორშუნოვასის “ჰამლეტი “

” არ მინდა ვილაპარაკო ჰამლეტზე, როგორც თეატრალურ პერსონაჟზე,

არამედ ჩემზე, ჩემზე…” 

ო. კორშუნოვასი.

 

ახალგაზრდა რეჟისორთა თაობის წარმომადგენელი ოსკარას კორშუნოვასი ქართველმა მაყურებელმა 2009  წელს გაიცნო, მაშინ როდესაც 41 წლის ნიჭიერი ლიტველი ხელოვანი უილიამ შექსპირის “რომეო და ჯულიეტას” მეტად საინტერესო სცენური ინტერპრეტაციით წარსდგა მათ წინაშე… თავი გააცნო და შეაყვარა კიდეც, თანაც ისე, რომ მომდევნო 2010 წელსაც, იგივე მაყურებელი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე დიდი ინტერესით ელოდა ვილნიუსის საქალაქო თეატრალური დასის ОКТ-ს შექსპირის კიდევ ერთ ახალ სცენურ შემოთავაზებას გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში …

“ვინ ხარ შენ”?!

დარბაზში შესულ მაყურებელს პირველი მიზანსცენა უკვე დადგმული ხვდება. პუბლიკისკენ ზურგშექცეული ათი ადამიანი განათებული, გორგოლაჭებიანი საგრიმიორო ტუმბოების წინ მოკალათებულა და სულგანაბული ელოდება თამაშის დაწყებას. სინათლის ჩაქრობას ძლივს გასაგონი ჩურჩული მოჰყვება, რომელიც სულ მალე სასოწარკვეთილ კივილამდე მიდის. სარკეში მომზირალი თითოეული მსახიობი, ერთიმეორეს დამოუკიდებლად მხოლოდ ერთადერთ კითხვას უსვამს საკუთარ თავს: ვინ ხარ შენ?! სულ მალე, ამ თითქოსდა ბანალურ და ყველასთვის ყველაზე ნაცნობ კითხვას, აუტანელი ხმები მოჰყვება ფონად… ზიხარ ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში და ვერ გარკვეულხარ შუშის საჭრელ ქარხანაში შემოგიტყუეს, თვალის მომჭრელი შუქით განათებულ, სარკეებიან “შავ კაბინაში” მოხვდი, კულისებს  მიღმა  შენდა უნებურად ამოჰყავი თავი, თუ პარტერის უკანა რიგში იმყოფები… უკვე საშინლად ნერვებ-დაწყვეტილი, ამ საშინლად გამაღიზიანებელი მუსიკალური ხმაურით, გონებაში, შენც (გაუცნობიერებლად) იმეორებ, ამ ხუთიოდე წუთის განმავლობაში სცენაზე უკვე არაერთხელ დასმულ, შეკითხვას:

“ვინ მარ მე”?!!!

დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი რეჟისორი შექსპირის “ჰამლეტს” თავისებურად კითხულობს, იმდენად, რამდენადაც ამ თავისებურების სცენაზე გადმოტანას ხელოვანის ინტელექტუალური და ემოციური შესაძლებლობები იძლევა… კორშუნოვასის “ჰამლეტი” შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის პიესის რეჟისორული წაკითხვის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი აღმოჩნდა – დამდგმელი თავად ხდება ინტერპრეტირებული ნაწარმოების დამოუკიდებელი ავტორი… ახალგაზრდა ლიტველი რეჟისორი სცდება დრამატული სათეატრო ენის კანონებს. მაყურებელს საუკუნეების წინ  “დანიის პრინცად” მოვლენილი ინტელექტუალი ახალგაზრდა ჰამლეტის ნაცვლად, ამჯერად უკვე სემიოლოგიური ნიშნებით გაჯერებულ, თეატრალური ტექსტში დაკარგულ, საკუთარი თავის მაძიებელ პერსონაჟად გვთავაზობს, გვაცნობს… სცენაზე სხვებისგან არაფრით გამორჩეული, არც თუ ისე, ახალგაზრდა კაცია. ჰამლეტი მოგვიანებით “ამბოხსაც” თავისებურ ახსნას უძებნის: აიძულოს ერთ დიდ “სათაგურში” მომწყვდეული კაცობრიობა ჩაახედოს საკუთარ თავში ისე, რომ ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან, სფინქსის მიერ მითოლოგიზირებულ კითხვასაც ერთმნშვნელოვანი პასუხი, სავსებით მარტივად გასცეს –

ეს მე ვარ, ადამიანი” ! ! !  

მანამდე კი, სანამ ამ მარადიულ კითხვაზე პასუხის გაცემით იჭყლიტავ ტვინს, რეჟისორი კვლავ შექსპირის პიესასთან გაბრუნებს, ოღონდ ამჯერად ტექტის პერეფრაზირებასაც თავად, და იმასაც დიდი გაჭირვებით ახდენ გონებაში (სცენის მაღლა, მარცხენა კუთხეში შემოთავაზებული ქართული თარგმანი იმდენად პატარა შრიფტშია აკრეფილი, რომ უკვე კარგა ხანია, ასოების ამოცნობას შევეშვი, მაინც ვერ ვარჩევ!)…

“თეატრის აზრი, უწინაც ეს ყოფილა და დღესაც ის არის, რომ ბუნებას სარკედ გაუხდეს, სათნოებას მისი სახისმეტყველება აჩვენოს, ბიწიერებას მისი უმსგავსობა, დროებასა და ხალხს მათი ვითარება და ნაკვალევი. თუ ეს დანიშნულება ვერ შეასრულა, ან თუ გადაამეტა, იქნება რეგვენები გააცინოს, მაგრამ გაგებულს ადამიანს კი შეაწუხებს და ერთის გაგებულის შეხედულება უნდა გერჩიოს მთელის თეატრისა”  (უ. შექსპირი, “ჰამლეტი”, სურათი II, ივანე მაჩაბლის თარგმანი).

ჩვენი შინაგანი რეალობის “სათაგური” …

სცენოგრაფიის მთავარი საყრდენი ელემენტი: გორგოლაჭებიანი, სარკიანი (უჯრებიანი) ტუმბო, რომელსაც სარკის თავზე შუქურა აქვს დამაგრებული მსახიობის სახის გასანათებლად – სპექტაკლის განმავლობაში სხვადასხვა სცენურ დანიშნულებას იძენს. პირველ რიგში სცენოგრაფისა და დამდგმელის ვიზუალურ ესთეტიკას მოიაზრებს, რომელიც გიტაცებს, გაჯადოებს. ფიქრობ, რომ არაფერია შემთხვევით და ამ ყველაფერთან ერთად, ამ თითოეულ მიზანსცენას დამოუკიდებელი სურათოვანი დატვირთვაც აქვს, რომელიც არაჩვეულებრივი სისადავით არის დადგმული…. არაფერი ზედმეტი, მინიმალური განათება, მხოლოდ თეთრი და შავი ფერის კონტრასტი, აქა იქ წითელი ფერი, თავიდან შეპარვით, რომელიც პირველ მოქმედებაში ერთგვარი, გაურკვეველი გამასხარავებული არსების “ჯამბაზის რეზინის ცხვირზე” იელვებს და ფინალში უკვე, წითელი ხელსახოცების “გათამაშების” შედეგად, ულამაზეს სისხლიან ტბად გადაიქცევა…

თავად რეჟისორი სპექტაკლს “თეატრალურ “სათაგურს” უწოდებს – მახეს, რომელსაც ერთ-ერთი მთავარი გმირი ჰამლეტი მხოლოდ მეფის სინდისის “დასაჭერად” კი არ აგებს, არამედ საკუთარი ილუზიების “მოსამწყვდევადაც”იყენებს. “მე”-ს ძიებით გართული კაცობრიობის შთამომავალი, რეალობასთან ჭიდილში “თამაშ-თამაშ” იკარგება და თავადვე ექცევა საკუთარი “სატყუარას” ტყვეობაში…

თეატრში მისული მაყურებელიც მახეშია მომწყვდეული… ფანტაზიებისა და ილუზიების ტყვეობაში, რომელსაც მხოლოდ ერთი-მესამედი აქვს საერთო სცენაზე მიმდინარე პროცესებთან (?!) … ცდილობს გაერკვიოს და აჰყვეს მოქმედებას, რომელიც შიგნით კი არ გითრევს, არამედ პირიქით, სარკეებიდან არეკლილი, ოდნავ განათებული (ა)ჩრდილებივით გისხლეტავს და გაიძულებს ამოხსნა “სცენურ ნიშნულებში” დაშიფრული არაერთი ამოცანა. იაპონურ სამოსში გამოწყობილი, ახალგაზრდა გოგონა – ოფელია (გეიშა?!), რომელიც მოგვიანებით, მამის მიერ საგანგებოდ დაუთოებულ საქორწილო გრძელ კაბაში შემკულ-მოკაზმული ასრულებს “გედის სიმღერას”. შავი ტყავის კოსტიუმში გამოწყობილი გერტრუდა ღვინოს მიცვალებულის თავის ქალიდან მიირთმევს. ლაერტს სექსუალური ლტოლვა აქვს ღვიძლი დის მიმართ. მამის აჩრდილი – განათებული, სარკიანი ტუმბოებისგან გაკეთებულ მორგში წევს და განასახიერებს “მსახიობს”, რომელიც მისივე მკვლელის – კლავდიუსის – სახეა. სცენაზე მოსიარულე “წითელცხვირიანი” არსება (ძაღლი?!), როგორც ირკვევა ჯამბაზის ცხვირით გამასხარავებული ჰორაციოა (?!). … წითელი ვარდების თაიგულით, ქალის ტანისამოსში გამოწყობილი როზენკრანცი და გილდენსტერნი – სპექტაკლის ბოლო სცენაში ერთარსებად შესისხლხორცებულ “მეზღვაურებად” გვევლინებინ… რთულად ამოსაცნობი, მაგრამ საოცრად ლამაზი სანახობის ფონზე, შენც, მაყურებელი, უკვე საკუთარი ინტუიციის ტყვეობაში მოქცეული, ფიქრობ, რომ ირგვლივ აღარ არსებობს რეალობა, არამედ ამ რელობის მხოლოდ ფრაგმენტებიღაა ჩემორჩენილი. ისღა დაგრჩენია, რომ შეეცადო  – “დაიჭირო” ისინი: სცენაზე “გადმოლაგებული”  და გაფანტული სხვადასხვა გამომსახველობით ელემენტებში… იმ მოცემულობებში, რომლებსაც მთლიანობაში მხოლოდ ერთად-ერთი რამ აქვთ საერთო: სივრცეში აღბეჭდილი ფორმა-ნიშანი  – გორგოლაჭებიანი, სარკიანი, უჯრიანი კარადა. შესაძლოა ეს  ერთადერთი და მთავარი ფორმა-ნიშანია სცენაზე და სწორედაც რომ იმ სამყაროს აირეკლავს, რასაც ჩვენ, ადამიანები ცხოვრებას, ანუ “თეატრს” ვუწოდებთ… და სადაც ამ უსასრულო “თამაშში” მონაწილეები – ჩვენივე შინაგანი რეალობის “სათაგურში” მომწყვდეულ  არსებებს – ადამიანებს (?!) განვასახიერებთ.

შემდეგ?

შემდეგ  – სიჩუმე …

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s