მხედრებსა და გაჭენებულ ცხენებზე

„მუსიკა მხედარია, ჩვენ კი – გაჭენებული ცხენები“

 

2016 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ( Tbilisi International Festival of Theatre) , ჟანრული თვალსაზრისით, წელსაც მრავალფეროვანი აღმოჩნდა. კლასიკური, თანამედროვე, დრამატული თუ ქორეოგრაფიული სახელოვნებო მიმართულებების თვალსაწიერიც ქართველი მაყურებლებისთვის წლიდან-წლამდე ფართოვდება. შესაძლოა, სწორედ ამიტომ, ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად, ჩვენც, თეატრის მოყვარულები თუ უბრალოდ შემთხვევით, თუ მეგობრის რჩევით რომელიმე კონკრეტულ წარმოდგენაზე მისული მაყურებლები, ვხდებით იმ საერთო ემოციების მსხვერპლი, რასაც „თეატრალური სანახაობა“ ჰქვია.

სწორედ „თეატრალური სანახაობის“ მოწმეები აღმოჩნდნენ „ახალი თბილისის“ მობინადრენი, „რეკონსტრუირებული ქუჩის“ სანახავად მისული დამთვარიებლები და, რა თქმა უნდა, ისინიც, ვისაც ფესტივალზე დასასწრები ბილეთები უკვე კარგა ხნის შეძენილი ჰქონდათ. შემთხვევით, თუ სპეციალურად წარმოდგენის სანახავად მისულებს ჯერ ვიწრო ქუჩაში მოსიარულე „პერეგრინუსის“  (26 სექტემბერი) უზარმაზარ „ბზით გამოტენილ თავებთან“ „შეჯახება“, ხოლო შემდეგ ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმული თეთრი კარვის წინ საგულდაგულოდ შექმნილ საკონცერტო მოედანზე „გაჭენებულ ცხენებზე“ „ჯირითი“ მოუწიათ.

ფესტივალის პროგრამაში ვკითხულობთ, რომ: „მხედრებსა და გაჭენებულ ცხენებზე“  (1,2,3 ოქტომბერი) ამაღელვებელი საცეკვაო წარმოდგენაა, რომელიც კომპანია „სთილ ჰაუზმა“ ურბანულ სივრცეებში ადგილობრივი მოსახლეობის გასართობად შექმნა”.

თანამედროვე ელექტრონულ სტილში გადაწყვეტილ ტრადიციულ მელოდიებს ცოცხალი მუსიკალური ბენდი ასრულებს. ექვსი მოცეკვავე გოგონას რიტმული მოძრაობები კი თავბრუს გახვევს და კუნთების მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. შენ თვალწინ აბორიგენული რიტმული მოძრაობისა და მელოდიური „ქანთრის“ მოდერნული ნაზავია. შემსრულებლების პროფესიული დონე იმდენად მაღალი, ხოლო სცენიდან გადმოსული მუხტი – ისეთი ძლიერია, რომ ძნელია მაყურებლის როლში გაჩერება. სკამზე მორგებული იმასაც ფიქრობ, რამხელა ძალისხმევა გჭირდება გაუნძრევლად ერთ ადგილზე ჯდომისთვის; გშურს იმათი, ვინც უხილავ ჯებირებს მიღმა დარჩენილა და გაუჩერებლად „ძიგძიგებს“, ჰყვება რიტმს და თავიდან ბოლომდე ჩართულია უჩვეულო სანახაობაში.

კომპანია „სთილ ჰაუსის“ მიზანი: – ხელახლა აღმოაჩინონ რას ნიშნავს კოლექტიური მოძრაობა – მიღწეულია.

თეატრალურ-მუსიკალური პერფორმანსი „ვარდები“

2016 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის (Tbilisi International Festival of Theatre) ფარგლებში კახა ბაკურაძის „მოძრაობის თეატრმა“  უკრაინელ გოგონათა ბენდს – დახ დოთერზ – უმასპინძლა.

თეატრალური პროექტი – დახ (Dakh) – კიევის იმავე სახელწოდების თეატრის ბაზაზე 1994 წელს შეიქმნა და კიევის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის – დახ – ფარგლებში  წლიდან წლამდე ვითარდება. ამ ყოველივეს კი სათავეში უდგას უკრაინელი რეჟისორი, დრამატურგი, მსახიობი და პროდიუსერი ვლადისლავ ტროიცკი. იგი ასევე ცნობილია, როგორც უკრაინული თეატრალური ფესტივალის „გოგოლფესტი“ სულისჩამდგმელი. საკუთარ სამშობლოში უკვე მრავალგზის აღიარებულმა გოგონათა მუსიკალურმა ბენდმა  სახელი ქვეყნის გარეთაც გაითქვა და არაერთი თეატრალური ფესტივალი მოიარა. ამჯერად „დახ დოთერზ“ დიდი, შეიძლება ითქვას, სცენიდან გადმოღვრილი ქართველებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითაც კი, საგანგებოდ წინასწარ დასწავლილი „გამარდჟობით“ წარდგა  მაყურებლის წინაშე.

ფრიკ-კაბარეს სტილში გადაწყვეტილი მუსიკალური პერფორმანსი „ვარდები“ (აღსანიშნავია, რომ პროექტი საკმაოდ პოპულურია ინტერნეტ სივრცეში) ანტრაქტის გარეშე 90 წუთი გრძელდება. დასში მონაწილე შვიდი გოგონასგან ისეთი ენერგია და მუხტი მოდის, შეუძლებელია ყურადღების მიღმა დაგრჩეს მათი პროფესიონალიზმი, როგორც სამსახიობო და ვოკალური ხელოვნების, ასევე სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტების ოსტატურად ფლობის მიმართ. ფაქტია, ამ გოგონებმა დარბაზის და, განსაკუთრებით კი, თინეიჯერების (რომელთა უმეტესებობამაც, ზეპირად იცოდა საყვარელი სიმღერები და სიამოვნებით ჰყვებოდა წარმოდგენას) დიდი მოწონება დაიმსახურა.

ეროვნულ ფოლკლორზე ამოზრდილი სხვადასხვა მუსიკალური ნოველის გასცენურებას ვლადისლავ ტროიცკი ვიზუალური ხელოვნების ნაირსახეობების (ფერწერული ტილოები, არქიტექტურული დეტალები, ფოტოგრაფია, ჩრდილების თეატრის ელემენტები და სხვ.) პროექტორზე გაშვებით ახერხებს და მსახიობების ჭრელი და გროტესკული კოსტიუმების ფერადოვნების პარალელურად, კიდევ უფრო  სანახაობრივ ელფერს სძენს წარმოდგენას.

შინაარსობრივად დატვირთული სიმღერების ტექსტების თემატიკა უნივერსალურია: გენდერული თანასწორობა, ძალადობა, სექსი, ომი, სისასტიკე, სიყვარული, მარტოობა, იმედი, ამბოხი, გამბედაობა და უდიდესი შემართება…

ესაა ხმაურიანი გამოძახილი, – პროტესტი ყველაფერი იმის მიმართ, რასაც, უბრალოდ ცხოვრება ჰქვია.

ესაა ჩვენი ყოველდღიურობაც, რომელიც უკრაინული დახ დოთერზის ბენდის სანახაობის მსგავსად, – ხშირად აგრესიული, მუდმივად რიტმული და მაინც, მთლიანობაში ერთი ლამაზი, მონოტონური მრავალფეროვნებაა.

WITHIN – შიგნიდან

„იმისათვის, რომ საკუთარი თავი გაიგო, საჭიროა შექმნა სარკე, რომელიც ზუსტად აირეკლავს შენს არსს… მხოლოდ არსის რაობის გაგებით მიიღწევა მისგან თავისუფლება.“

 ჯ. კრიშნამურტი

 

2016 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (Tbilisi International Festival of Theatre) ადიტი მანგალდასის ქორეოგრაფიული წარმოდგენით WITHIN – შიგნიდან გაიხსნა. ადიტი მანგალდასი კლასიკური ინდური საცეკვაო ფორმის კათჰაკის უბადლო შემსრულებელია, რომელიც მსოფლიო თანამედროვე ქორეოგრაფიის რუკაზე საკუთარ ცეკვის კომპანიას – დრიშტიკონის ცეკვის ფონდს წარმოადგენს. განსხვავებით უმეტესობა კლასიკური ინდური მოცეკვავეებისგან, რომელბიც  ცეკვის ტრადიციას უფროსი თაობების მეშვეობით ღებულობენ, ადიტი მანგალდასი  საქმიან ოჯახში დაიბადა. ინდური კლასიკური ცეკვის ხელოვნებას იგი პირველად გურუებთან შრიმატი კუმიდინი ლაკჰიასთან და პანდიტ ბირჟუ მახარაჯასთან დაეუფლა. სწორედ ამ ორი წამყვანი ქორეოგრაფებისგან შეიცნო მან საცეკვაო ხელოვნების მთავარი არსი: თაფუსფლება, სიმამაცე და მუდმივი ძიება სიახლეებისკენ, რომელიც საბოლოოდ ადამიანს კოსმიური მთლიანობის ერთიან ნაწილად აქცევს.

მარჯანიშვილის სცენაზე წარმოდგენილი მოცეკვავეებისა და მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული საბალეტო დასი ტრადიციული ინდური ცეკვის ფორმას თანამედროვე ქორეოგრაფიული ელემენტებით აჯერებს, რითიც დარბაზში მისულ მაყურებელს წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების, საკუთარი ფანტაზიისა და სცენაზე გაცოცხლებული სხეულებრივი სურათების ხარჯზე სხვადასხვა სამყაროში მოგზაურობის საშუალოებას აძლევს. სცენაზე გამოყენებული გეომეტრიული ფორმების განათება, შემსრულებელთა კლასიკურ თუ თანამედროვე სტილში გადაწყვეტილი კოსტიუმები და დროდადრო დარბაზში გამეფებული სიჩუმე აქ ისეთივე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, როგორც თავად ქორეოგრაფის მიერ გაცოცხლებული აღმოსავლური ფილოსოფიით გაფერადებული სხეულებრივი სურათები.

ინდური ცეკვის უძველესი სახეობა კათჰაკა – სახისმეტყველების ხელოვნებას ეფუძნება, სადაც ფეხისპერკუსიონით გამოწვეული სხეულის რიტმული მოძრაობა ქორეოგრაფის მიერ წარმოდგენილ ამბავს შესაბამისი ჟესტიკულაციითა და მიმიკით გადმოსცემს. თანამედროვე კათჰაკა კი ქორეოგრაფის/დამდგმელის ინდივიდუალურ ტექნიკურ შესაძლებლობებსა და კლასიკურ ინდური და სხვადასხვა თანამედროვე საცეკვაო ფორმების ინტერპრეტაციაში ვლინდება

გავიხსენოთ, რომ ცეკვა, უპირველეს ყოვილსა, სივრცეში გამოსახული მოძრაობაა.  მოძრაობა, რომელიც არა მხოლოდ უნდა დაინახო, არამედ მოისმინო. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი ქორეოგრაფია მაყურებლისგან, თითქოს, სწორედ სმენას მოითხოვს. აქ ადამიანის სხეული, თითქოს, ერთგვარ ცოცხალ, ხმოვან სისტემას მოგვაგონებს, სადაც სცენის კიდეებიდან წამოსული მუსიკალური ბგერები, მოცეკვავის სხეულებრივი ვიბრაციის მეშვეობით, უნისონში მოდიან  თითოეული ადამიანის უჯრედებთან და კოსმიურ სივრცესთან ერთიანდებიან.

უყურებ წარმოდგენას და ნათლად გესმის, თუ როგორ გამოსცემენ მოცეკვავის შიშველი ფეხები რიტმს, ხედავ მელოდიის გავლენის ქვეშ როგორ მოდიან ჰარმონიულ მოძრაობაში მისი თვალები, წარბები და მკლავები  და გრძნობ, თუ როგორ ემსგავსება თავად ცეკვის ფორმაც მუსიკას.

ეს თავისუფლებაა, თავისუფლება, რომელიც ამ წუთას, ამ დარბაზში მხოლოდ ცეკვის მეშვეობით მიიღწევა.