ტექსტის სცენური ადაპტაციის ზოგიერთი საკითხი პაატა ციკოლიას ექსპერიმენტულ დრამაში „ბეჭედის და მოჭრილი თითის ამბავი/წითელი კარვების ამბავი“

„ახალი დრამის ფესტივალი“ ჩემთვის უდიდეს გამოწვევად იქცა, რადგან წინამდებარე პროექტმა საქართველოში მიმიდინარე თანამედროვე თეატრალური ფორმების ნაირსახეობების კველევის აუცილეობლებაზეც დამაფიქრეს.

დათა თავაძისა და ნიკა ფაცურის სახელოვნებო პროდუქტის „ოთახში ბნელა და არ იცის რომ ოთახში სხვებიც არიან“ – მიმოხილივისას მე შევეცადე არა-დრამტული თეატრისთვის დამახასიათებელ ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე გამემახვილებინა ყურადღება, როგორებიცაა ხელოვანის მიმართება სათეატრო ტექსტთან, რეალური დროის ესთეტიკასთან და ნარატიული ფენომენის პრობლემატიკასთან კავშირში. 1.)

ეს რთული შემოქმედებითი პროცესი თავისთავად მოითხოვს ნაწარმოების დრამატურგიული თხრობისა და ტექსტის მონტაჟის თავისებურებებში გარკვევას. როგორ დავინახეთ, დათა თავაძის პერფორმანსი – ტექსტი, როგორც ენა-საგანი, ნიკა ფაცურის მუსიკალურ კომპოზიაციას ბუნებრივად შეერწყა, რაც იმის საშუალებას მაძლევს ვისაუბრო ორი ურთიერთშეთანხმებული, მაგრამ სრულიად დამოუკიდებელი ავტორის შემთხვევაში შემოქმედებითი ენის ფორმირების პროცესზე. ამ შემთხვევაში დათა თავაძემ ეს მთავარი სადადგმო კომპონენტი ანუ, ტექსტი, როგორც ენა-საგანი, პერფორმანსის მსვლელობისას მუსიკალური ნაწარმოების ფენომენს დაუკვშირა.

შრომითი რეზერვების კომპლექტის სპორტულ დარბაზში შესრულებული „კომპოზიცია“ არა მხოლოდ სამსახიობო ან საგუნდო შესრულებისთვის საჭირო პარტიტურის, იგივე ტექსტის ანალოგად იყო წარმოდგენილი, არამედ მუსიკალური ნაწარმოები აქ თავადვე მოგვევლინა თეატრალური პერფორმანსის სადადგმო ხაზის, მისი დრამატურგიული სტრუქტურის განმსაზღვრელ ფაქტორადაც. ამდენად, რეალური დროის ესთეტიკასა და მუსიკალურ კომპოზიციაში გადაწყობილი ტექსტების დრამატურგიულმა ხაზმა აქ თავისი ტრადიციული მნიშვნელობა კი არ დაკარგა, არამედ თანაბარმნიშვნელოვნად გადანაწილდა ვერბალური კომუნიკაციის სივრცით სტრუქტურაში – ნარატივში. სიტყვა დაუკავშირდა და გაუთანაბრდა ხმას, ჟღერადობას მაყურებლის დაკვირვებულობას, აღქმას. ტექსტი არა დიალოგებში, არამედ მრავალხმიანობაში გაიფანტა, რამაც ამბავის მნიშვნელობა, თავისი ტრადიციული გაგებით, დისკურსში, ტემპში, დიალექტიკასა და დებატებში გადაზარდა.

მეორე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ჩემი აზრით, ასევე გამოიკვეთა ორი ახალგაზრდა ხელოვანის ამ ერთობლივ პროექტში, არის თავაძის მხრიდან ინტერაქტიული საშუალებებით მაყურებლის ემოციაზე ზემოქმედების ფაქტორი და 25 მსახიობის მიერ წარმოდგენაში გამოყენებული სიტყვების მუსიკალური ტრანსფორმაცია სცენაზე. საბოლოოდ კი მივიღეთ მუსიკლაურ კომპოზიციაში გადაწყობილი პერფორმანსი, რომელიც ქართულ სათეატრო სივრცეში თავისი ფორმით და სტრუქტურით განსხვავებულ და სპეციფიკურ სათეატრო ნარატივს ბადებს.

თანამედროვე გერმანელი მკვლვერის ჰანს თის ლემანისეულ პოსტრდამატული თეატრის თეორიის ასპექტებს თუ გავითვალისწინებთ, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ისეთ სახელოვნებო ექპერიმენტთან, როდესაც დრამატურგია თავის ტრადიციულ დატვირთვას კი არ კარგავს თეატრში, არამედ თანაბარმნიშვნელოვნად ნაწილდება წარმოდგენაში. სიტყვა კავშირშია ხმასთან, ჟღერადობასთან და მაყურებლის დაკვირვებულობასთან, ანუ აღქმასთან. თანამედროვე მედიის ენის ანალოგიურად, ტექსტი არა დიალოგში, არამედ მრავალხმიანობაში ფორმირდება და დრამაც თავისი ტრადიციული გაგებით, დისკურსში, ტემპში, დიალექტიკასა და დებატებში გადაინაცვლებს.

რეალური დროის ესთეტიკისა და ნარატიული ფენომენის ურთიერთკავშირის კიდევ ერთი საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც ჩვენ, ასევე „ახალი დრამის ფესტივალის“ დასასრულს ვიხილეთ, „ბეჭედის და მოჭრილი თითის ამბავი/წითელი კარვების ამბავი“ გახლავთ.

პაატა ციკოლიამ ლიტერატურული და სცენური ინტერპრეტაციის ჭრილში ექსპერიმენტული ძიებები არც მეტი, არც ნაკლები შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის გადამუშავებით დაიწყო – „ძველი დრამა თანამედროვე ენაზე გადმოწერა“ და შოთა რუსთაველის „ფევხისტყაოსნის“ უზარმაზარი ტექსტიდან მისთვის სასურველ, მხოლოდ ორ კონკრეტულ სიუჟეტზე კონცენტრირდა.

„არსებობს ნაწარმოები და არსებობენ პერსონაჟები, რომლებსაც ვაღმერთებთ, თუმცა, არ ვიცნობთ“ – ვკითხულობ სოციალური ქსელში განთავსებული პროგრამის ტექსტში და ინტუიციურად ვგრძნობ: დრამატურგის მხრიდან მაყურებელის მისამართით გაკეთებული ეს ღია და საკმაოდ თამამი განაცხადი ჯერ კიდევ ნაწარმოების ნახვამდე, წინასწარ მოფიქრებულ, თანაც მიზანმიმართულ – გამოწვევის ფორმაში, როგორ ყალიბდება.

ელექტრო ნათურებით განათებული სპორტის არენა „ახალი დრამის ფესტივალზე“ მისულ სტუმრებს კვლავ სათამშო სივრცედ გადაწყობილი დაგვხვდა. მაყურებლისთვის განკუთვნილი ადგილები კი, არა უშუალოდ სპორტულ მოედანზე, არამედ, იარუსებად განლაგებულ „გულშემატკივართა“ სკამებზე იყო მიჩენილი. შესაბამისად, სათვალთვალო რაკურსი ზემოდან ქვემოთ იყო მიმართული, ისე რომ ერთი შეხედვით „კიტჩურ სტილში“ გადაწყვეტილი, უამრავი თეთრი ჰელიუმის ბუშტითა და უზარმაზარი სასიყვარულო ისრით მკრათალად განათებული ავანსცენის „კედლის“ აღქმა, ჩემ გარდა, დანარჩენ მაყურებელსაც ნებისმიერი წერტილიდან შეეძლო.

სათამაშო არენაზე, რომელსაც ხელოვნურად შექმნილი საზეიმეო ელფერი დაკრავდა, ჩემი ყურედაღება ჯერ წყვილად განთავსებულმა ე.წ. „სამუაშო მაგიდებმა“ მიიპყრო. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც „დღის განათების ნათურებისგან“ აწყობილ სასიყვარულო ისარზე მიშტერებული მზერა, როგორც იქნა, სცენის იატაკსაც მოვავლე, მაშინღა შევნიშნე აქა-იქ მიმობნეული, პატარა ზომისა და ფორმის, ფერად-ფერადი საღებავებით ავსებული ვარცლები.

თამრი ოხიკიანის სასცენო ეფექტების საშუალებით მორთული დარბაზის ინტერიერის მხატვრული გადაწყვეტა, ეკლექტურად შერწყმული გამომსახველობითი კომპონენტებითა და მკვეთრად გამოხატული ფერთა გამით, კუთხეში მსხდომ მსახიობთა ჭრელ კოსტიუმებზეც აირეკლებოდა. იქვე მარჯვენა კუთხეში, სკამებზე ჩუმად მოკალათებული მოცეკვავეთა დასი, ვფიქრობ, ჩემსავით მოუსვენრად ელოდა ამ უჩვეულოდ აჭრელებულ და საკმაოდ გამომწვევ სტილში გადაწყვეტილი წარმოდგენის დაწყებას.

ანუშკა ჩხეიძის მუსიკალური კომპოზიცია “The Knight in the Panther’s Skin “ , რომელიც მცირე პაუზის შემდეგ, ექოსავით გაისმის დარბაზში, ემოციურად მიმძაფრებს თამაშის დაწყების მოლოდინს და, იმავდროულად, შინაგანად მიბიძგებს „შორეული წარსულისა“ და „სასიყვარულო ამბების“ გასახსენებლად. ეს შორეული წარსული თითოეული ჩვენგანის ისტორის მწვერვალი, ქართული რენესანსის ფილოსოფიური ტრაქტატი და ლიტერატურული შედევრი – „ვეფხისტყაოსანია“, – პოემა, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად, თითეული ქართველისთვის თაობიდან თაობაზე გადაცემული კულტურული მემკვიდრეობის საგანი – მზითვი და რაც მთავარია, ჩემთვის ქართველთა სანიმუშო ქცევის ნაკრებთა მითიური მოდელების კრებითი სახეა.

კლასიკად ქცეული სანიმუშო ქცევის მოდელებთან დაკავშირებული ასოციაციები კვლავ ანუშკა ჩხეიძის მუსიკალურ პროლოგთან მაბრუნებს… აშკარაა, რომ თამრი ოხიკიანის მიერ შემოთავაზებული სცენოგრაფიის დარად – მუსიკაც საკმაოდ თამამი, ღია და ეკლექტურია. შეიძლება ითქვას, რომ კომპოზიტორი ამ თანამედროვე, ელექტრონულ ჟღერადობაში გადაწყვეტილი ესთეტიკით, ემოციურად გვამზადებს რეჟისორის მიერ შემოთავაზებულ ერთი შეხედვით ილუზორულ, მაგრამ მისივე სიტყვების პერეფრაზირების შედეგად თუ დავასკვნით, – სასტიკად რეალურ, ქაოტურად ჭრელ და თანაც უკვე მივიწყებულ სამყაროში სამოგზაუროდ.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ ხელოვნურად აწყობილ კონტრასტულ სამყაროში სადაცაა ორი ამბავი უნდა გათამაშდეს. პროგრამაში ვკითხულობთ: „ამ ორ ამბავში ორი წყვილია, ორი წყვილი და ორი დანაშაული. ბევრია ვნება. ბევრია წყურვილი. ბევრია ტყუილი. მუქარაც – არანაკლები. არც ბოროტებაა ცოტა, არც დაუდევრობა, არც სისასტიკე.“

სცენური ამბების შესათხზველად, პაატა ციკოლია კლასიკური ტექსტიდან წინასწარ შერჩეულ ეპიზოდებს ამუშავებს და ინტერტექსტუალობის საშუალებით, „ციტირების“ ტექნიკას იყენებს. საინტერესოა, რომ მან, როგორც დრამატურგმა, სცენაზე მოსაყოლი სიუჟეტი ჩვენთვის საყვარელ დიდგვაროვან პერსონაჟებთა „მონების“ რაკურსით დაამუშავა და ამით, ერთი შეხედვით „შეუმჩნეველი“, ან სულაც „მივიწყებულ“ პირთა ინტიმური ისტორიები კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა. ავტორის ამ თვალთახედვამ სასიყვარულო ინტრიგებისთვის დამახასიათებელი კონფლიქტური ხაზი, დრამატურგიულად, ერთი-ორად გაამძაფრა. მაყურებელიც, თითქოს თავისთავად შექიმნა საიდუმლო საქმეებთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების მოწმე და ამასთან, იმ სასიყვარლო წერილების თანაავტორიც გახდა, რომელთა შენახვა-გადაცემაც „მონებს“ ძველ დროში ამა თუ იმ „მეპატრონე“ ანუ ბატონ პირთათვის საიდუმლოდ ევალებოდათ.

ჩვენთვის კარგად დასწავლილი/თუნდაც მივიწყებული სასიყვარულო ისტორიების სცენურ აგებულებას, ოთხი პროფესიონალი მსახიობის საშუალებით, ორ პირობით ნაწილად – „ბეჭედის და მოჭრილი თითის ამბავი/წითელი კარვების ამბავი“ – ვეცნობით. სპექატკლის განმავლობაში ორ მაგიდას წყვილი მსახიობი ერთმანეთის მონაცვლოებით უზის. მათი სამაგიდო თამაში-დავალება სცენაზე განვითარებული ამბების სიტყვიერად გაცოცხლებაში მდგომარეობს. თითოეული მსახიობის (იაკო ჭილაია, გაგა შიშინაშვილი, გიორგი წერეთელი, ეთო ალექსაშვილი) მჟღერი ტემბრი სიტყვების თეატრის გამომსახველობით ესთეტიკას საოცრად უხდება და ელექტრონული მუსიკის ენერგეტიკულ ველს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს.

მართალია, მსახიობების ამოცანას – შეენარჩუნებინათ ვერბალური კომუნიკაციის წილის მნიშვნელობა მთელი წარმოდგენის განმავლობაში, მართლაც უდიდესი როლი მიენიჭა, თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანის მიერ პროფესიულად გათამაშებული „ტექსტი“ ნამდვილად არ დარჩენილა პაატა ციკოლიას სცენური ვერსიის ერთადერთ და დომინანტურ – სახიერ კომპონენტად. პირიქით, არადრამატული თეატრისთვის დამახასიათებელი ეს წინასწარ შერჩეული დრამატურგიული ხაზი – სიტყვა, როგორც პოეზია, მთელი წარმოდგენის მსვლელობისას, არა თუ მხოლოდ გამოიკვეთა, არამედ ინტერტექსტუალობის საშუალებით, თანაბრადაც შეერწყა როგორც მხატვრის, ისე კომპოზიტორის და ქორეოგრაფის მიერ მკვეთრად გამოხატულ ენობრივ ველს.

„თანამედროვე ენაზე გადმოწერილი ძველი დრამის“ ამგვარი სტილისტური გადაწყვეტა, რეჟისორის მხრიდან, შესაძლოა, თავად შოთა რუსთაველის ლიტერატურული ტექსტის მრავალშრიანმა ესთეტიკურმა ფაქტორმაც განაპირობა. და, მართლაც, სიტყვების თეატრის, როგორც ერთ-ერთი დომინანტური ენობრივი ხაზის შერწყმა სხვა დანარჩენ არავერბალურ კომპონენტთან, ვფიქრობ, ის სწორად მიგნებული ხერხი აღმოჩნდა სცენური ინტერპერატიის აღქმისას, რომელიც ესთეტიკურ ჭრილში ზომიერებას, და რაც მთავარია ამ საკითხთან დაკავშირებით, მთელი შემოქმედებითი ჯგუფის მხრიდან უპირობო პროფესიონალიზმსაც მოითხოვს. რეჟისორმა საუკუნეების წინ დაწერილი ქართული პოეზიის შედევრის ღრმად მელოდიკურ, საოცრად პოეტურ-ფილოსოფიურ სამყაროს დღევანდელობისთვის მარტივად აღსაქმელი, თანამედროვეი გამომსახველობითი სათეატრო ენა მიუსადაგა, ხოლო ტექსტის ორიგინალი დრამატული თეატრისთვის დამახასიათებელი ერთხაზოვანების პრინციპით კი არ „გადმოიწერა“ არამედ, ოსტატურად დაანაწევრა – სიტყვაში, მუსიკაში, მხატვობასა და ქორეოგრაფიაში.

ამდენად, „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის სცენური ინტერპრეტაციის პოსტმოდერნული ესთეტიკა წარმოდგენის მსვლელობისას კიდევ ერთ საშემსრულებლო გამომსახველობით ნიშაში – ადაპტირდა. ეს ნიშა ქორეოგრაფ ნათია ბუნტურის მოცეკვავეთა დასის სადადგმო სტილს, მის შინაარსა და ფორმის სტრუქტურას გულისხმობს. მოძრაობის თეატრის ელემენტებთან შერწყმული კლასიკური ქორეოგრაფია, მართლაც რომ ერთ-ერთი სახიერი კომპონენტი შეიქმნა სასცენო ნაწარმოების ენობრივი სტილისტიკის გამოხატულების თვალსაზრისითაც. ახალგაზრდა ქორეოგრაფმა (სავარაუდოდ, ავტორთან შეთანხმებით), როგორც უკვე აღვნიშნე, სასიყვარულო ინტრიგების გასაცოცხლებლად, თანამედროვე ცეკევის ელემენტები გამოიყენა და შოთა რუსთაველის ამ ურთულეს, ვიტყოდი – ერთობ სარისკო ენობრივ-კულტურულ ფენომენს, საკუთარი თვალთახედვიდან დანახული რაკურსი მოუძებნა. საგულისხმოა, რომ ხელოვანი „ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებულ, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი მხტავრების მიერ დასურათებულ ფოტოებს კი არ აცოცხლებს, არამედ თავად ქმნის ახალ, პაატა ციკოლიას ადაპტირებულ ტექსტთან და თამრი ოხიკიანის სცენოგრაფიასთან მიახლოებულ ქორეოგრაფიულ ტილოებს. ქორეოგრაფის მხატვრულმა ესთეტიკამ, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი სითამამე, ეკლექტურობა და დინამიკურობა შესძინა წარმოდგენას. მოძრაობაში გაცოხლებულმა სურათებმა (განსაკუთრებით კი საფინალო ტილომ) კი, სცენოგრაფიის მთავარ სტილურ გადაწყვეტას, რომელიც მე პირველი შეხედვისთამნავე „კიტჩად“ აღვიქვი, კიდევ უფრო მეტად გაუსვეს ხაზი.

cikolia

ტექსტი ცოცხალია მანამ, სანამ თითოეული ეპოქა მას საკუთარ ენაზე თარგმნის“… „ციფრული ეპოქა რაღაცნაირად კიჩისა და კარიკატურის ეპოქაცაა“ – მახსენდება ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამოკითხული ფრაზები 2.)  და, თანხმობის ნიშნად, პაატა ციკოლიას ტექსტის სცენური ადაპტაციის საფესტივალო ვერსიაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალის ამოკითხვას ვცდილობ. სინამდვილეში ეს „მნიშვნელოვანი დეტალი“ ავტორის მხრიდან დრამატურგიული ხაზის ესთეტიკური ნიშნით პოსტმოდერნულ ჭრილში საკითხის გადააზრება გახლავთ.

პაატა ციკოლიამ სათეატრო ენის სტრუქტურული აგებულება წარმოდეგნის გარეგნულ ფორმებს მოარგო, ხოლო ავტორის დრამატურგიული ხაზის კონტურები საკუთარ ენაზე გადათარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის მიხედვით გამოკვეთა და კონტექსტუალიზაციის პრინციპით დაამუშავა.

დრამატურგიულ ხაზში, აქ, მე არ მოვიაზრებ მხოლოდ მსახიობებისთვის დაწერილი ლიტერატურული ტექსტის ხარისხობრივ ნიშნულებს, არც მაყურებლის მხრიდან ამ ლიტერატურული ტექსტის შინაარისა და ფორმის აგებულებაზე ყურადღების გამახვლებას მოვითხოვ მხოლოდ. დრამატურგიული ხაზი, ამ შემთხვევაში, ჩემთვის სხვადასხვა კომპონენტისგან აწყობილი სათეატრო ტექსტია, რომელიც აერთიანებს რეჟისურას, დრამატურგიას, სამსახიობო შესრულებას, სცენოგრაფიას, მუსკალურ გაფორმებასა და ქორეოგრაფიას. ეს ის ძირითადი კომპონენტებია, რომელთა საშუალებითაც იკვრება სპექტაკლის ერთიანი სტრუქტურა და რომლებიც უფლებას გვაძვლევენ ვისაუბროთ სცენური ნაწარმოების გამომსახველობით სპეციფიკებზე. პაატა ციკოლიას სცენურ, საფესტივალო ვერსიაში თქვენ ვერსად ამოიკითხავდით ტარიელისა და ავთანდილის, თინათინისა და ნესტან-დარეჯნის, ასევე სხვა დიდებულთა სამაგალითო, მისაბაძ, ან „სანიმუშო“ საქციელებთა მოდელებს. გამომსახველობით ელემენტებში მკვეთრად გამოხატული „კიტჩური“ ელემენტები კი მაფიქრებინებენ, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა მხოლოდ კლასიკური ნაწარმოების ასლთან მიმართებაში ავტორის ირონიულ დამოკიდებულებასთან (მაგ., კიტჩის გამოყენება), არამედ ზოგადად „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დეკონსტრუქციულ მცდელობასთან (მაგ., მასალის კრიტიკული გააზრება). ეს დისტანციური მიდგომა ტექსტან და მისი „დანაწევრება“ არავერბალურ კომპონენტებად არა თუ „აკნინებს“ და პოეტურობას აცლის შოთა რუსთაველის დაუვიწყარ, მაგრამ მაინც, ხშირად ყურადღების მიღმა დარჩენილ ამბებს, არამედ პირიქით – რეალურ დროსთან მიმართებაში უფრო სახიერს, მეტყველს და ახლობელს ხდის მათ.

cikolia 2

პაატა ციკოლიას წარმოდგენით დასრულდა 2019 წლის „ახალი დრამის ფესტივალი“ – „თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებით დაკომპლექტებული არტ-პლატფორმა“, რომელიც, ჩემთვის, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, დღემდე მიდმინარე წლის მნიშვნელოვან მოვლენად დარჩა…

1. დათა თავაძის კომპოზიცია 2019 წლის „ახალი დრამის ფესტივალისთვის“

2. ფრთხილად საკითხავი („ვეფხისტყაოსანი“ და გენდერული სტერეოტიპები) 

ფოტოები აღებულია ინტერნეტ ქსელიდან   ახალი დრამის ფესტივალი / New Drama Festival

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s